ზურაბ ჯაფარიძე: ისეთ სისტემას ვებრძვით, რომ მის დასამარცხებლად, განსხვავებების მიუხედავად, ყველა უნდა გაერთიანდეს
პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ „ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის“ შექმნისა და 24 თებერვალს დაგეგმილი აქციის შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, ცალკეული პარტიებისა და პოლიტიკოსების მხარდამჭერები, მათ შორის არსებული განსხვავებული აზრების მიუხედავად, „რეჟიმის დამარცხების მიზნით“ უნდა გაერთიანდნენ.
„იმედი მაქვს, 24 თებერვალს აქციაზე ბევრი ხალხი მოვა. მჯერა, რომ ეგრე იქნება, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, 24-ში არაფერი არ მთავრდება. ძალიან გამიხარდებოდა, რომ 24-ში მთავრდებოდეს, მაგრამ ეს მოცემულობა ახლა არ გვაქვს.
მიუხედავად იმისა, რომ აქამდე დიდი პოლიტიკური პროცესი იყო, ბევრი რაღაც ნოლიდან არის ასაშენებელი, სამწუხაროდ ეს არის მოცემულობა. პოლიტიკურ პარტიებზე საქართველოს მოქალაქეების წარმოდგენები ილუზიებია ბევრი თვალსაზრისით. არსებობენ პოლიტიკოსები და არაპოლიტიკოსები, რომლებსაც საზოგადოების ზოგიერთ სეგმენტში გარკვეული ნდობა აქვთ და ყველა ეს ადამიანი უნდა შეიკრიბოს და გაიაზრონ ის, რომ ისეთ სისტემას ვებრძვით, რომ მის დასამარცხებლად, განსხვავებების მიუხედავად, ყველა უნდა გაერთიანდეს“, – განაცხადა ჯაფარიძემ „ტვ პირველის“ ეთერში.
ცნობისთვის, სამი ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“ და „დროა“ სამოქალაქო „ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობას“ იწყებს. მათ 24 თებერვალს უკრაინის მხარდამჭერი აქცია დააანონსეს.